ინგლისის უორიკის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან გაზის გიგანტი პლანეტის გადარჩენილი ბირთვი აღმოაჩინეს, რაც პლანეტის წიაღის უპრეცედენტო სანახაობას გვთავაზობს.
ბირთვი ნეპტუნის ზომისაა და მეცნიერთა აზრით, ან გაზის გიგანტს ეკუთვნოდა, რომელმაც გაზოვანი ატმოსფერო დაკარგა, ან ბოლომდე ჩამოუყალიბებელი პლანეტაა, რომელმაც მარცხი დაბადებიდან მალევე განიცადა.
უორიკის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფის ცნობით, ეს გახლავთ მოშიშვლებული პლანეტური ბირთვის აღმოჩენის პირველი შემთხვევა.
აღმოჩენა პლანეტის წიაღში ჩახედვისა და მისი შემადგენლობის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს.
მდებარეობს ჩვენგან 730 სინათლის წლის მანძილზე, მზის მსგავს ვარსკვლავთან. მას სახელად TOI 849 b უწოდეს და დედავარსკვლავის გარშემო იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ ერთ შემოვლას სულ რაღაც 18 საათს ანდომებს, ზედაპირის ტემპერატურა კი 1526 გრადუსი ცელსიუსია.
TOI 849 b ნასას პლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა TESS-მა ტრანზზიტის მეთოდით აღმოაჩინა. ტელესკოპი აკვირდება მცირე ჩაბნელებებს ვარსკვლავების სინათლეში, რაც მათ წინ პლანეტების ჩავლით არის გამოწვეული. მდებარეობს ე. წ ნეპტუნის უდაბნოში — ამ ტერმინით ასტრონომები აღნიშნავენ ვარსკვლავთან ახლომდებარე რეგიონს, სადაც იშვიათად ვხედავთ ნეპტუნის მასის ან უფრო დიდ პლანეტებს.
ამის შემდეგ, ობიექტი ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში მდებარე ლა-სილიის ობსერვატორიის ინსტრუმენტ HARPS-ით შეისწავლეს. ეს ხელსაწყო ეგზოპლანეტის მასის დასადგენად დოპლერის ეფექტს იყენებს, ანუ ზომავს მათ რხევას — მცირე მოძრაობებს ჩვენი და ჩვენგან საწინააღმდეგო მიმართულებებით, რაც ვარსკვლავის სინათლის სპექტრში მცირე ცვლილებებით აისახება.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ობიექტის მასა ნეპტუნისას 2-3-ჯერ აღემატება, მაგრამ არის წარმოუდგენლად მკვრივი და მთელი შემადგენელი მატერია ნეპტუნის ზომის ობიექტშია თავმოყრილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა უჩვეულოდ მკვრივია, მაინც არ გახლავთ ყველაზე მკვრივი ჩვენთვის ცნობილ პლანეტებს შორის. თუმცა, ნამდვილად არის ყველაზე მასიური ამ ზომის სხეული და უკიდურესად მკვრივი ნეპტუნის ზომის ობიექტის კვალობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პლანეტას ძალიან უჩვეულო ისტორია აქვს. ასევე უცნაურია ასეთი მასის სხეულის ასეთ ადგილას მდებარეობა — ასეთი მოკლე ორბიტული პერიოდის მქონე ამ მასის პლანეტა აქამდე არ გვინახავს“, — ამბობს კვლევის ავტორი დევიდ არმსტრონგი.
მისივე თქმით, TOI 849 b ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე მასიური კლდოვანი პლანეტაა, რომელსაც დედამიწის მსგავსი სიმკვრივე აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, ასეთ მასიურ პლანეტას წარმოქმნისას უნდა მიეერთებინა დიდი ოდენობით წყალბადი და ჰელიუმი და შედეგად, იუპიტერის ზომამდე გაზრდილიყო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მას ეს აირები არ გააჩნია, გვეუბნება, რომ ის მოშიშვლებული პლანეტური ბირთვია.
რატომ არის ის პლანეტის ბირთვი და არა ტიპური გაზის გიგანტი — ამის ასახსნელად არსებობს ორი თეორია. პირველის მიხედვით, ერთ დროს ის იუპიტერის მსგავსი პლანეტა იყო, მაგრამ სხვადასხვა გზით თითქმის მთლიანად დაკარგა გაზის ფენები. მათ შორის შეიძლება იყოს გრავიტაციული განადგურება, როდესაც პლანეტა დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობს და ამიტომ, ეს უკანასკნელი მას აიროვან მატერიას აცლის; ასევე შესაძლებელია სხვა პლანეტასთან შეჯახება. პროცესში შეიძლება ჩართული ყოფილიყო ატმოსფეროს ფართომასშტაბიანი ფოტოევაპორაციაც, მაგრამ ამ გზით პლანეტა გაზის მთლიან მარაგს ვერ დაკარგავდა.
მეორე თეორიის მიხედვით კი ის „შეუმდგარი“ გაზის გიგანტია. მეცნიერთა აზრით, წარმოქმნის შემდეგ, გაზის გიგანტის ბირთვი არასწორი მიმართულებით წავიდა ატმოსფერო ვერც ვერასოდეს შეიძინა. ასე შეიძლება იმ შემთხვევაში მომხდარიყო, თუ ნაპრალი იყო მტვრის იმ დისკოში, რომლისგანაც პლანეტა წარმოიქმნა, ანდაც ის მოგვიანებით წარმოიქმნა, როდესაც დისკოში მატერია უკვე თითქმის ამოწურული იყო.
„ასეა თუ ისე, TOI 849 b გაზის გიგანტურ უნდა ყოფილიყო ან არის „შეუმდგარი“ გაზის გიგანტი. ის პირველ რიგში გვეუბნება, რომ ამ სახის პლანეტები არსებობს და მათი აღმოჩენა შესაძლებელია. შესაძლებლობა გვაქვს დავინახოთ პლანეტის ბირთვი ისე, როგორც ეს არ შეგვიძლია აქ, მზის სისტემაში“, — ამბობს დოქტორი არმსტრონგი.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა თუნდაც იუპიტერის ბირთვის შესახებ და შესაბამისად, ასეთი უცნაური და უჩვეულო ეგზოპლანეტები გვთავაზობს პლანეტების წარმოქმნის შესწავლის ისეთ გზებს, რომლებსაც სხვა მხრივ ვერაფრით გავარკვევთ.
მართალია, TOI 849-ის ქიმიური შემადგენლობა ჯერ უცნობია, მაგრამ სხვა ტელესკოპებით ამის დადგენა შესაძლებელია. იმის გამო, რომ ის დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს არის, ბირთვიდან მუდმივად უნდა ამოდიოდეს გარკვეული აირები, რომლებიც ბევრ რამეს გვეტყვიან მისი შემადგენლობის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.