აღმოჩენილია გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც გზადაგზა ახალ ვარსკვლავთა დაბადებას იწვევს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც გზადაგზა ახალ ვარსკვლავთა დაბადებას იწვევს — #1tvმეცნიერება

შორეული გალაქტიკის გარშემო არსებულ გაზში დააფიქსირეს კვალი, რომელიც გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის ეჭვგარეშე მტკიცებულება შეიძლება იყოს.

ასტრონომთა ჯგუფმა შეისწავლა სინათლე, რომელსაც ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 7,5 მილიარდი წელიწადი დასჭირდა. მის ანალიზებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, 39 მილიონი წლის წინ, მასპინძელი გალაქტიკიდან კოლოსალური ობიექტი ამოვარდა და ახლა, გალაქტიკათშორის სივრცეში გადაადგილდება წამში 1600 კილომეტრის სიჩქარით.

მიუხედავად იმისა, რომ თავად შავი ხვრელი უხილავია, ამას ვერ ვიტყვით მის გავლენაზე: გაუხშოებულ გალაქტიკათშორის სივრცეში დარჩენილი შოკები ტოვებს ვარსკვლავთწარმოქმნის კვალს შეკუმშულ გაზში. მკვლევართა ნაშრომი გვიჩვენებს კიდევ ერთ გზას, თუ როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ მშობლიური გალაქტიკიდან ამოვარდნილი და გალაქტიკათშორის სივრცეში მოძრავი უმოქმედო, მიძინებული სუპერმასიური შავი ხვრელები.

მოსაზრება, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი შეიძლება ამოვარდეს საკუთარი გალაქტიკიდან, სინამდვილეში, არც ისე უცნაურია. უფრო მეტიც, ასტრონომებს უკვე გამოვლენილი აქვთ შემთხვევები, რომლებიც მათი აზრით, გალაქტიკის ცენტრიდან ამოვარდნილი სუპერმასიური შავი ხვრელები უნდა იყოს (თუმცა, გალაქტიკათშორის სივრცეში ჯერ არც ერთ მათგანი არ შესულა); ასევე ნაპოვნია ერთი ისეთი გალაქტიკაც, რომელსაც როგორც ჩანს, სუპერმასიური შავი ხვრელი საერთოდაც არ აქვს.

თუმცა, ყველა ამ სუპერმასიურ შავ ხვრელს ერთი რამ ჰქონდა საერთო: ისინი აქტიურები არიან, ანუ, გარს აკრავთ მატერიის ღრუბელი, რომელიც მათ გაუმაძღარ „პირში“ ჩაედინება. ამ პროცესის დროს გამომუშავდება წარმოუდგენლად დიდი ოდენობით სიცხე და სინათლე, რის გამოც, ისინი ჩვენთვის ადვილი შესამჩნევია.

მაგრამ ყველა შავი ხვრელი აქტიური არ არის. უმეტესი მათგანი თავისთვის, მშვიდად არის დაკიდებული სივრცეში და არ გამოყოფს რაიმე სინათლეს, რომლის დაფიქსირებასაც შევძლებდით; შესაბამისად, ასეთი შავი ხვრელები ჩვენი ტექნოლოგიებისთვის უხილავია.

მიუხედავად ამისა, ისეთმა წონიანმა ობიექტებმა, როგორებიც სუპერმასიური შავი ხვრელებია (მათში თავს იყრის ჩვენს მზეზე მილიონობით და მილიარდობით მეტი მასა), მაინც შეიძლება დატოვონ ჩვენთვის შესამჩნევი რაღაც კვალი. იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს პიტერ ვან დოკუმისა და მისი კოლეგების აზრით, გალაქტიკიდან ამოვარდნილი სუპერმასიური შავი ხვრელის კვალი შეიძლება დაფიქსირდეს გალაქტიკის გარშემო არსებულ გაზში, რომელსაც გალაქტიკას შემოხვეულ სივრცეს უწოდებენ.

აღმოჩენა სხვა კვლევების მსვლელობისას გაკეთდა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით მკვლევრები გაცილებით ახლომდებარე გალაქტიკას, სახელად RCP 28-ს სწავლობდნენ. სწორედ ამ სურათზე აღმოაჩინეს რაღაც ისეთი, რომელიც შეიძლება, გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის კვალი ყოფილიყო.

სურათზე გამოჩნდა კაშკაშა ზოლი, რომელიც პირდაპირ არარეგულარული გალაქტიკის ცენტრისკენ იყო მიმართული. თავდაპირველად მკვლევრებმა იფიქრეს, რომ ეს კოსმოსური სხივი იყო, თუმცა, ის სურათის დამუშავებაში გამოყენებულ ორივე ფილტრში გამოჩნდა. ამიტომ, 2022 წლის ოქტომბერში, კეკის ობსერვატორიით სხვა სურათებიც გადაიღეს, რათა გალაქტიკისა და ზოლის წითელი წანაცვლება გამოეთვალათ. ასე დაადგინეს ზომა: ზოლის სიგრძე 200 000 სინათლის წელიწადია.

როგორც ანალიზებმა აჩვენა, გალაქტიკას და ზოლს ერთნაირი წითელი წანაცვლება ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული; ამავე დროს, ერთნაირი იყო გალაქტიკისა და ზოლის ფერიც. მკვლევრებს ასეთი ჯერ არაფერი ენახათ.

უფრო ახლო დაკვირვებით დაადგინეს, რომ ფერისა და სიკაშკაშის თვალსაზრისით, ზოლი ერთგვაროვანი არ იყო. ასევე ჰქონდა ძლიერი იონიზაციის ნიშნები და შოკური რეგიონები. იონიზაციის ნაწილი შეიძლება აიხსნას ძლიერ ახალგაზრდა, ცხელი, მასიური ვარსკვლავებით; ეს შესაბამისობაშია ასტროფიზიკურ შოკებთან, რომლებიც გაზს კუმშავენ და იწვევენ მისი გროვების საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსს, რის შედეგადაც იბადებიან ახალი ვარსკვლავები.

გალაქტიკების ცენტრიდან წამოსული სინათლის ზოლები დიდად უჩვეულო რა ნამდვილად არ არის; ძირითადად, ისინი ასტროფიზიკური ჭავლებია, პლაზმის მძლავრი, ვიწრო ჭავლები, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით გადაადგილდებიან, გამოიტყორცნებიან აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელების პოლარული რეგიონებიდან. თუმცა, მკვლევართა ჯგუფის მიერ აღმოჩენილ ამ ზოლს ასტროფიზიკური ჭავლისთვის დამახასიათებელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდა.

ჯგუფის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ასტროფიზიკური ჭავლის გავლას გზადაგზა ვარსკვლავთწარმოქმნა გამოეწვია და ამის კვალი დაეტოვებინა, მაგრამ ფოტოებზე აღმოჩენილი ზოლი არ ემთხვეოდა ჭავლის მიერ გამოწვეული ვარსკვლავთწარმოქმნის არც ერთ ცნობილ თუ სიმულირებულ შემთხვევას.

უფრო მეტიც, ეს ზოლი სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რაც გაზის ჭავლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო; ყველაზე ძლიერი გალაქტიკიდან ყველაზე შორეული წერტილში, სადაც მატერია ნაკლებია, და უფრო წვრილი შორ მანძილზე, ვიდრე ჭავლის მსგავსად გაწელილი.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, ამ შემთხვევის საუკეთესო ახსნაა გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკას შემოხვეულ სივრცეში გავლისას მას არღვევს და კუმშავს და გზადაგზა იწვევს ახალ ვარსკვლავთა დაბადებას.

ალბათ გაინტერესებთ, რამ შეიძლება ამოაგდოს სუპერმასიური შავი ხვრელი თავის გალაქტიკიდან. პასუხი შემდეგია: სხვა სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა. ან ორმა ასეთმა შავმა ხვრელმა. მკვლევართა სცენარის მიხედვით, ერთ დროს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახა და შეერწყა; ამ გალაქტიკათა ცენტრებში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელები ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ, ერთმანეთის გარშემო ბრუნვა დაიწყეს და გარკვეულ ხანს ასე დარჩნენ.

შემდეგ მოვიდა მესამე გალაქტიკა და მისი სუპერმასიური შავი ხვრელი ახლად შერწყმულ გალაქტიკათა ტრიოს ცენტრისკენ დაიძრა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ჰილსის მექანიზმის სახელით ცნობილი სამსხეულიანი ურთიერთქმედება, რამაც ერთ-ერთი შავი ხვრელი სისტემიდან დიდი სიჩქარით გააგდო.

ასტრონომები შემდეგი დაკვირვებების საფუძველზე გაარკვევენ, მოხდა თუ არა მართლაც ასე. ამასობაში კი, რადგან მახასიათებელი ასე განსაკუთრებულია, ადვილი უნდა იყოს სხვა ასეთი მაგალითების პოვნა, განსაკუთრებით უფრო მძლავრი ინსტრუმენტებით, მაგალითად, მომავალი ნენსი რომან გრეისის კოსმოსური ტელესკოპით.

კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal Letters-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.