აღმოჩენილია ადრეული სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტი - 13 მლრდ სინათლის წლის მანძილზე
ასტრონომებმა ადრეული სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტი აღმოაჩინეს. ეს გახლავთ ჩვენგან 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კვაზარი, რომელიც მიეკუთვნება პერიოდს, როცა სამყაროს ასაკი ამჟამინდელის მხოლოდ შვიდ პროცენტს შეადგენდა.
კვაზარი არის გალაქტიკა, რომლის ობიექტებიც გარს უვლიან მატერიით აქტიურად კვების რეჟიმში მყოფ სუპერმასიურ შავ ხვრელს. მის გარშემო ამ დროს გამოყოფილ სინათლესა და რადიოგამოსხივებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, აკრეციის დისკო ეწოდება.
დისკო შეიცავს მტვერსა და გაზს, რომლებიც წარმოუდგენელი სიჩქარით, მორევივით ჩაედინებიან შავ ხვრელში, დაახლოებით ისე, როგორც წყალი ჩაედინება სადრენაჟო ჭაში. შავი ხვრელის უზარმაზარი გრავიტაცია ამ დროს მატერიის უზომოდ ძლიერ ხახუნს წარმოქმნის.
მატერიის ჭამასთან ერთად, კვაზარი შავი ხვრელები გვირგვინებიდან (კორონა) თითქმის სინათლის სიჩქარით გამოტყორცნიან პლაზმის ნაკადებს. გვირგვინი არის ცხელი, მორევივით მგრგვინავი გაზის რეგიონები აკრეციის დისკოს ზემოთ და ქვემოთ.
ეს ნაკადები უკიდურესად კაშკაშაა რადიოსიხშირის სპექტრში. სწორედ ეს სიგნალი გამოიყოფა ახლად აღმოჩენილი კვაზარიდან, რომელსაც PSO J352.4034-15.3373-ს უწოდებენ. ობიექტი აღმოაჩინა რადიოტელესკოპმა Very Long Baseline Array (VLBA).
„გვაქვს სამყაროს ახალგაზრდობის ეპოქის ძლიერი რადიოგამომყოფების ნამდვილი დეფიციტი. ეს იმ პერიოდის უმძლავრესი რადიოკვაზარია“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ედუარდო ბანიადოსი.
როგორც VLBA-ს დაკვირვებები აჩვენებს, კვაზარი დაყოფილია სამ განსხვავებულ კომპონენტად, რასაც ორი შესაძლო ახსნა აქვს.
პირველი ინტერპრეტაციის მიხედვით, შავი ხვრელი ერთ ბოლოშია და დანარჩენი ორი კომპონენტი წარმოადგენს ერთი ნაკადის შემადგენელ ნაწილებს. მეორის მიხედვით კი შავი ხვრელი შუაშია და ორივე მხარეს თან ახლავს ნაკადები.
ოპტიკური ტელესკოპების დაკვირვებათა მიხედვით, რომლებიც კვაზარს ხილულ სინათლეში ხედავენ, შავი ხვრელის ადგილმდებარეობა ემთხვევა ერთ-ერთი დაბოლოების კომპონენტს, რაც მხარს უჭერს პირველ ინტერპრეტაციას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭავლის ორი ნაწილის კვლევისა და ანალიზის შედეგად, ასტროფიზიკოსებმა შეიძლება მოახერხონ მისი გაფართოების მაჩვენებლის გაზომვა.
„ეს კვაზარი შესაძლოა ყველაზე შორეული ობიექტი იყოს, რომელშიც შევძლოთ ასეთი ჭავლის სიჩქარის გაზომვა“, — ამბობს NRAO-ს ასტრონომი ემანუემ მომჯიანი.
მეორე მხრივ, თუკი გაირკვა, რომ შავი ხვრელი ცენტრშია, ჭავლები გაცილებით პატარა უნდა იყოს, ანუ ობიექტი ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ანდაც ჩაჭედილია მკვრივ მატერიაში, რომელიც ჭავლებს ანელებს.
ეს კვაზარი ისეთივე ძველი არ არის, როგორც ბანიადოსის ჯგუფის მიერ გასული წლის ბოლოს აღმოჩენილი კვაზარი J1342+0928. იგი მიეკუთვნება პერიოდს, როდესაც სამყაროს ასაკი ამჟამინდელის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენდა.
თუმცა, კვაზარების სინათლის გამოყენება შესაძლებელია გალაქტიკათშრისი სივრცის შესასწავლადაც. წყალბადი, რომელშიც ის გაივლის დედამიწისკენ მომავალ შორ გზაზე, სინათლის სპექტრს ცვლის. ბოლო დროს, სწორედ კვაზარი გამოიყენეს გალაქტიკებს შორის სამყაროს ნაკლული ბარიონული მატერიის საპოვნელად.
ამ მხრივ, P352-15-საც დიდი პოტენციალი აქვს.
„P352-15-ს ჩვენ ვხედავთ ისეთს, როგორიც ის იყო მაშინ, როცა სამყარო ჯერ მილიარდი წლისაც არ იყო“, — ამბობს ასტროფიზიკოსი კრის კარილი.
მისი თქმით, ეს დაახლოებით იმ პერიოდის დასასრულია, როცა პირველმა ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა მოახდინეს გალაქტიკათშორის სივრცეში არსებული ნეიტრალური წყალბადის ხელახლა იონიზება.
„სიკაშკაშისა და ჩვენგან დაშორების გამო, ეს კვაზარი უნიკალური ხელსაწყოა იმ პროცესებისა და გარემოს შესასწავლად, რომელიც გაბატონებული იყო სამყაროს პირველ გალაქტიკებში“, — აღნიშნავს აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი კრის კარილი.
კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-სა და The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.