მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა შორეულ კვაზარში ჩაიხედა და შავი ხვრელის ჭავლები შეისწავლა
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა შორეულ კვაზარში ჩაიხედა და შავი ხვრელის ჭავლები შეისწავლა

მაშინ, როდესაც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი მონაცემებს აგროვებდა შავი ხვრელის ისტორიაში პირველი ფოტოს შესაქმნელად, პარალელურად ის კიდევ უფრო უცნაურ ობიექტს აკვირდებოდა.

ეს ობიექტი გახლდათ კვაზარი — სუპერსწრაფი მატერიის ჭავლების წყვილს, რომლებიც სუპერმასიური შავი ხვრელის სიახლოვიდან იფრქვევა. როგორც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მონაცემები მიუთითებს, ეს ჭავლები იმ პრინციპს არ ეფუძნება, რასაც ისინი ელოდნენ, ყველაზე დამაბნეველი კი მათი წარმოშობის ადგილია.

„ვიცით, რომ ყოველთვის, როდესაც სამყაროში ახალ ფანჯარას ხსნი, შეგიძლია იპოვო რაღაც ახალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებოდით, რომ ვიპოვიდით რეგიონს, სადაც ჭავლი მკვეთრად ფორმირდება, მაგრამ ვიპოვეთ გარკვეული სახის პერპენდიკულარული სტრუქტურა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მატრიოშკას გახსნისას, ყველაზე პატარა თოჯინას ადგილას სულ სხვა ფორმის საგანი დაგხვდეს“, — ამბობს კვლევის ავტორი ორგანიზაციის, გერმანიის მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი ჯაე-იუნგ კიმი.

ამ კვაზარს 3C 279-ს უწოდებენ და მდებარეობს ჩვენგან ხუთი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ასტრონომებმა ეს ობიექტი კვაზარად შეაფასეს იმიტომ, რომ მის შუაგულში სინათლის წარმოუდგენლად კაშკაშა წერტილია განთავსებული. როგორც ჩანს, ეს წერტილი აღნიშნავს ნაწილაკების ჭავლებს იქ, სადაც შავი ხვრელი აფრქვევს იმ მატერიას, რომლის დაჭერასაც ვერ ახერხებს. ამ შავი ხვრელის მასა მილიარდობით მზის მასას უნდა უდრიდეს.

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი ამ ობიექტს 2017 წელს ოთხი დღის განმავლობაში სწავლობდა. ტელესკოპის მკვლევართა ჯგუფმა ეს ჭავლები სინათლის წელიწადზე ნაკლები რეზოლუციის დეტალებში შეისწავლეს. ამ დეტალმა ასტრონომებს ჭავლების წყარომდე შესწავლის საშუალება მისცა. მეცნიერთა აზრით, ეს ჭავლები ისევე უნდა იწყებოდეს, როგორც გრძელდება, სწორი ნაკადების სახით.

თუმცა, წყაროსთან მკვლევრებს სრული მოულოდნელობა დახვდათ. ახალი ხედის წყალობით ირკვევა, რომ საძირკველთან ჭავლი გადაგრეხილი სტრუქტურაა, რომელიც დღითი-დღე იცვლება. მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს იმასთან, თუ როგორ უერთდება ეს ჭავლები შავი ხვრელის გარშემო არსებულ აკრეცის დისკოს.

მკვლევართა ჯგუფი ასევე ფიქრობს, რომ ჭავლის უცნაურმა სტრუქტურამ ასევე უნდა ახსნას, თუ რატომ ჩანს ისე, რომ ჭავლის მატერია თითქოს ჩვენი მიმართულებით მოძრაობს სინათლის სიჩქარის 20 პროცენტით, რაც კომპლექსური ოპტიკური ილუზია უნდა იყოს.

შარშან გამოქვეყნებული შავი ხვრელის ჯერ არნახული ფოტოს მსგავსად, ახალი კვლევაც ეფუძნება მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მონაცემებს. მოვლენათა ჰორიზონტი დედამიწის წამყვან ობსერვატორიათა ქსელია, რომლებიც ერთობლივი მუშაობით დედამიწის ზომის ტელესკოპს წარმოქმნიან. 2017 წელს, პროექტში რვა ობსერვატორია ჩაერთო; მომავალ წელს ეს რიცხვი შეიძლება 11-მდე გაიზარდოს. რაც უფრო მეტი ტელესკოპი ჩაერთვება პროექტში, მით უფრო ხარისხიანი გახდება მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის შედეგები.

„მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპთა წყება გამუდმებით უმჯობესდება, რადგან ემატება ახალი ტელესკოპები. ახალი კვაზარის შედეგები გვაჩვენებს, რომ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობებს აქვს უნარი, პასუხი გასცეს ძალიან ბევრ სამეცნიერო შეკითხვას“, — ამბობს მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის დირექტორი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტრონომიის ცენტრის მკვლევარი შეფ დოლმენი.

თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო დაიხურა ქსელში შემავალი ობსერვატორიები, რის გამოც ტელესკოპი იძულებული გახდა, გაეუქმებინა 2020 წელს დაგეგმილი დაკვირვებების კამპანია. პროექტში ჩართულ მეცნიერთა გადაწყვეტილებით, წელს ისინი ფოკუსირებას 2017-2018 წლებში შეგროვებულ მონაცემთა ანალიზზე მოახდენენ.

კვლევა Journal Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.