აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ სხდომაზე სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გაიყვანს; ასევე საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებს.
„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და გვიან სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვიზრუნეთ მოსახლეობაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს“, – განაცხადა კალაძემ.