„აგარის შაქრის“ თანამშრომელი - ჩამოვედით, რათა მთავრობისთვის ახლოდან მიგვეწვდინა ხმა
აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას ხელისუფლებისგან გარკვეული პირობების მიღებამდე აპირებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, „აგარის შაქრის“ თანამშრომელი ნიკოლოზ მუჩაიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა 110 კილომეტრი იმისთვის გამოიარეს, რომ მთავრობისთვის ხმა მიეწვდინათ და ახლა მათგან პასუხს ელოდებიან.
„110 კილომეტრი გამოვიარეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა მთავრობისთვის, რათა „აგარამ“ გააგრძელოს ფუნქციონირება, ეს ხალხი არ იყოს გაღატაკებულ მდგომარეობაში. ქარხანა გაჩერდა, ხალხი გარბის, აგარა იცლება. მეშვიდე თვეა, ქარხანა გაჩერებულია. 60-დღიანი აქციები გვქონდა, რომელსაც გამოხმაურება არ მოყვა. ჩამოვედით, რათა ახლოდან მიგვეწვდინა ხმა. პასუხს ველოდებით. არ ვაპირებთ დაშლას, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, თუ რა უნდა ქნას ამ ხალხმა, როგორც უნდა იარსებოს“, – განაცხადა ნიკოლოზ მუჩაიძემ.
აქციის მონაწილეები „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია, მიზეზად კი კომპანია „აზერსუნი“ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით, აგარის შაქრის ქარხნის საკითხზე ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები, რათა მოინახოს კომპრომისული ვარიანტი და გამოიძებნოს გზები ქარხნის ასამუშავებლად.