აფრიკაში, ნამიბის უდაბნოში უძველეს მყინვართა კვალი იპოვეს
აფრიკაში, ნამიბის უდაბნოში უძველეს მყინვართა კვალი იპოვეს

დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ, როცა აფრიკის სამხრეთი ნაწილი სამხრეთ ამერიკასთან იყო მიერთებული, ეს ამჟამად მშრალი, ცხელი რეგიონი დიდი მყინვარებით იყო დაფარული.

ჩრდილოეთ ნამიბიაში, ტვიფელფონტეინის მშრალი, ვულკანური უდაბნოს ცქერისას დღეს მსგავსს ვერაფერს შენიშნავთ. თუმცა, 4,5 მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი პლანეტა გამუდმებით იცვლება.

ხანდახან, თუკი ასეთ ლანდშაფტს ფენებს გადავაცლით, შესაძლოა, ჩვენ თვალწინ წარსული გადაიშალოს.

სწორედ ასე მოიქცნენ ნაბიბიაში გეოლოგები, გრაჰამ ენდრიუსი და სარა ბრაუნი. მათი კვლევა სრულიად მოულოდნელი აღმოჩენით დასრულდა.

როგორც ჩანს, ეს რეგიონი დაფარული იყო ვრცელი ყინულის ნაკადებით — არტერიებით, რომლებიც ნაკადის სახით მყინვარის ცენტრიდან მისი კიდეებისაკენ მიმართება. როგორც ირკვევა, ეს ყინულები იმდენად შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო, რომ თამამად გაუწევდა კონკურენციას ანტარქტიდის ამჟამინდელ მყინვარებს.

საველე სამუშაოებით უდაბნოს კვლევისას, დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის ამ ორმა გეოლოგმა რაღაც განსაკუთრებული მახასიათებლები შენიშნა რეგიონის ციცაბო ბორცვებზე, რომლებსაც ნაბიბიის დრუმლინებს უწოდებენ.

„უცბად გავაანალიზეთ რასაც ვუყურებდით, რადგან ორივე ჩვენგანი გაზრდილი ვართ რეგიონებში, რომლებიც ერთ დროს მყინვართა ქვეშ იყო მოქცეული. მე ჩრდილოეთ ირლანდიაში და სარა ჩრდილოეთ ილინოისში“, — აღნიშნავს ენდრიუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუსისათვის ამ ლანდშაფტის წარმოშობა უცბად გახდა ცხადი, იგი გააკვირვა ფაქტმა, რომ ეს თემა ამ დრომდე არავის შეუსწავლია.

მას შემდეგ, რაც ეს უნიკალური ლანდშაფტის ფორმა და ზომები „გუგლ ეარსიდან“ მიღებული ინფორმაციით შეისწავლეს, ენდრიუსი და მისი ჯგუფი შეეცადა გაერკვია, წარმოქმნილი იყო თუ არა დრუმლინები მყინვარების მიერ.

მიღებული შედეგების კვალდაკვალ ძიებისას, მკვლევრებმა რეგიონის ქანებში დიდი, გრძელი ღარები იპოვეს. მტკიცებულება აშკარა იყო — ისინი წარმოქმნილი უნდა ყოფილიყო უძველესი ყინულის მოქმედებით, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობდა, იმდენად სწრაფად, რომ ყინული გზადაგზა ჭრიდა ვულკანურ ლანდშაფტს (წელიწადში 800 მ სიჩქარით).

ეს აღმოჩენა წარმოადგენს იმ მასიური ყინულის ნაკადის პირველ მტკიცებულებას, რომელმაც დაადნო გვიანდლი პალეოცენის ეპოქაში სამხრეთ აფრიკაში არსებული ყინულის ქუდი.

დაახლოებით 200 კილომეტრზე გადაჭიმული ეს ნაკადი მიმართული უნდა ყოფილიყო ჩრდილო-დასავლეთით და რეგიონის მთელი ყინული თანდათან უნდა ჩაეტანა თავთხელ ზღვაში, თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ ამ ორი კონტინენტის გზები დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ გაიყო.

მეცნიერთა განცხადებით, ეს კვლევა უმნიშვნელოვანესია, რადგან ნამიბიის ამ მყინვარულ მახასიათებელთა შესახებ არც თუ ისე ბევრი რამეა ცნობილი.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.