აფრიკაში არის ერთი მტაცებელი, რომელიც სხვა ცხოველებში უფრო მეტ შიშს აღძრავს, ვიდრე ლომები — #1tvმეცნიერება
15:38, 06.10.2023
ძლიერი, კუნთიანი თათებით, ბასრი ბრჭყალებით, მახვილი თვალებით, მოქნილი რეფლექსებითა და მძლავრი ყბებით, ლომები ნამდვილად შიშის ზარს სცემენ ცხოველთა უმეტესობას.
„ლომები ჯგუფურად მონადირე უდიდესი მტაცებლები არიან პლანეტაზე და შესაბამისად, ყველაზე საშიშებიც“, — ამბობს კანადის დასავლეთის უნივერსიტეტის კონსერვაციული ბიოლოგი მაიკლ კლინჩი.
თუმცა, აფრიკული სავანების ველურ ბუნებაში გაკეთებულ 10 000-ზე მეტ ჩანაწერში, დაკვირვებულ სახეობათა 95 პროცენტზე მეტი გაცილებით მეტი შიშით რეაგირებდა სულ სხვა მხეცის ხმაზე. ტექნიკურად, ეს ცხოველი უმაღლესი მტაცებელიც კი არ არის: ის ჩვენ ვართ, ადამიანები.
ჩვენ სხვა ძუძუმწოვართა ტყავში გახვეული მტაცებლები ვართ.
„ადამიანების შიში ძვალ-რბილშია გამჯდარი. არსებობს მოსაზრება, რომ ცხოველები ადამიანებს მიეჩვევიან, თუ მათზე არ ვინადირებთ. მაგრამ ვაჩვენეთ, რომ სინამდვილეში, ასე არ არის“, — ამბობს კლინჩი.
ექსპერიმენტებში, დასავლეთის უნივერსიტეტის ეკოლოგმა ლიანა ზანეტემ და მისმა კოლეგებმა, სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნული პარკის ტბორებთან ცხოველებს ადამიანთა ვოკალიზაციები და ხმები ჩაურთეს და მათი რეაგირება ჩაიწერეს.
ამ დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობს ლომების (Panthera leo) უდიდესი პოპულაცია მსოფლიოში და შესაბამისად, სხვა ცხოველებმა კარგად იციან იქ მათი არსებობის შესახებ.
მკვლევრებმა ჩართეს ადამიანთა ადგილობრივ ენებზე საუბრის ხმები, მათ შორის ცონგა ენაზე, ჩრდილოეთ სოთოზე, ინგლისურად, აფრიკაანსზე, ასევე ადამიანის ნადირობის ხმები, მათ შორის ძაღლების ყეფა და თოფის სროლის ხმები. ამას გარდა, ჩართეს ლომების ერთმანეთთან კომუნიკაციის ხმებიც.
„მთავარი ის არის, რომ ლომების ვოკალიზაციები ღრიალს კი არ წარმოადგენდა, არამედ მათ ერთმანეთთან „საუბარს“. ეს პირდაპირ შეიძლება შევადაროთ ადამიანთა საუბარს“, — განმარტავს კლინჩი.
თუმცა, მკვლევართა ძალისხმევამ ექსპერიმენტის ზოგიერთი სუბიექტი ძლიერ გააბრაზა.
„ერთ ღამეს, ლომების ჩანაწერმა სპილო ისე გააბრაზა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა“, — იხსენებს ზენატე და გულისხმობს კამერებს.
ექსპერიმენტებში დაკვირვებული 19 სახეობის ცხოველიდან, თითქმის ყველამ მიატოვა ტბორი ადამიანთა საუბრის მოსმენისას, მაგრამ ასე არ იყო ლომებისა და ნადირობის ხმების მოსმენისას. ძუძუმწოვრებს შორის იყვნენ მარტორქები, სპილოები, ჟირაფები, ლეოპარდები, აფთრები, ზებრები, მეჭეჭებიანი ღორები, რომელთაგან ზოგიერთი, აქეთ წარმოადგენს საფრთხეს.
თუმცა, ამ არსებებისადმი შიში იშვიათად გვიშლის ხელს მათი ბედის გადაწყვეტაში. ასე მოვსპეთ მრავალი სახეობა, თუნდაც გიგანტური მამონტებით ან დინოზავრების შემორჩენილი, უზარმაზარი ფრინველების შტო.
როგორც პლანეტის ყველაზე სასიკვდილო ცხოველმა და ევოლუციის მთავარმა წარმმართველმა, ადამიანმა, სამწუხაროდ, უკვე დაიმკვიდრა შიშისმომგვრელი არსების სახელი, რომელიც სხვებს მუდამ ტერორში ამყოფებს.
„ყველაზე დიდი შიში გამოიწვია ადამიანთა ხმებმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ველური ბუნების წარმომადგენლები ადამიანებს ნამდვილ საფრთხედ აღიქვამენ, მაშინ, როცა მათთან დაკავშირებულ სხვა ხმებს, მაგალითად, ძაღლების ყეფას, არც ისე დიდ საფრთხედ“, — წერენ მკვლევრები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანები ყველგან ვართ, ჩვენგან თავის დაღწევა მხოლოდ დროებითი გამოსავალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ძუძუმწოვრებს ჩვენდამი შიში არ გაუქრებათ.
ეს ყველაფერი არც ისე კარგია სავანის პოპულაციათა ისედაც შემცირებული სახეობებისთვის, მათ შორის, ჟირაფებისთვის. როგორც ჯგუფის წინა კვლევა მიუთითებს, მხოლოდ მუდმივმა შიშმაც შეიძლება შეამციროს პოპულაციათა მთელი თაობები.
თუმცა, ამ ინფორმაციით კონსერვაციის ბიოლოგებმა შეიძლება ამ სახეობათა დახმარებაც შეძლონ. მაგალითად, იმედი აქვთ, რომ სამხრეთ აფრიკის იმ რეგიონებში, სადაც მეკობრეობაა გავრცელებული, ადამიანის ხმების ჩართვით საფრთხეს აარიდებენ გადაშენების პირას მყოფ სამხრეთის თეთრ მარტორქას.
„ვფიქრობ, სავანის ძუძუმწოვრებში ადამიანის ხმისადმი შიშის არსებობა იმის ნამდვილი მოწმობაა, თუ რა გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე. რომ აღარაფერი ვთქვათ კლიმატის ცვლილებაზე, სახეობათა ამოხოცვაზე. ამ ლანდშაფტზე უბრალოდ ჩვენი ყოფნაც კი საფრთხის საკმარისი სიგნალია, რომელზეც ისინი ნამდვილად ძლიერ რეაგირებენ. მათ ადამიანების სიკვდილივით ეშინიათ, გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა მტაცებლების“, — ამბობს ზანეტე.