აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტებს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი (გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე), ერთი მოხალისე (მიხეილ ქაჯაია) და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა (ჯულიეტა გულუა, მიხეილ გულუა, მურთაზ გოგია, ალექსანდრა ბეჭვაია-უნგიაძე).
„კონფლიქტის დროს დაღუპულთა 11 ცხედარს 15 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ერთი იდენტიფიცირებული პირი კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან პირდაპირ ჩოხატაურში, ოჯახების საგვარეულო საფლავზე იქნება გადასვენებული.
გარდა 12 ქართველისა, ამ ეტაპზე, 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული სულ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა“, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
მათივე ცნობით, საკოორდინაციო მექანიზმის მანდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 200-ზე მეტი პირის ბედის და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა.
ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 163 პირი (121- დაკარგულ პირთა ქართული სიიდან, 42- აფხაზური სიიდან).