აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი წარმომადგენელი - ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს
საინფორმაციო პორტალი „ეხო კავკაზა“ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიაჩესლავ ჩიკირბასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი, ძირითადად, ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს ეხება.
ჩიკირბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს.
„ეს დიალოგის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელშიც აფხაზეთი 2008 წლის შემდეგ მონაწილეობს. ვიდრე მოლაპარაკებების სხვა სივრცე არ არსებობს, ჩვენთვის აუცილებელი და საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა“, – აცხადებს ჩიკირბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, უსაფრთხოების კუთხით კრიზისია, რადგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს, თუმცა მიუხედავად ამისა, საკმაოდ შედეგიანია ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობა. ჩიკირბას თქმით, ამ მიმართულებით დადებითად შეიძლება შეფასდეს ომის დროს გარდაცვლილთა ცხედრების მოიძიება, იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, საარქივო მასალების დაბრუნება, და სხვ.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს შედეგიანი იქნებოდა, თუ ის შვეიცარიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის მზაობით ჩამოვიდოდა. ეს, პირველ რიგში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ეხება. მიმაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების გარეშე, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა დიდ შედეგს ვერ მოიტანს“, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩიკირბა.