აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი - აფხაზეთის არმია თავისი ხალხის წინააღმდეგ არასდროს წავა
აფხაზეთის არმია თავისი ხალხის წინააღმდეგ არასდროს წავა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, მირაბ ქიშმარიამ განაცხადა.
რუსული გამოცემა „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე უარს აცხადებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ, რაც მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.