აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს პირადი ნომერი მიენიჭებათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს პირადი ნომერი მიენიჭებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს პირადი ნომერი მიენიჭებათ.

აღნიშნულს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ცვლილებების თანახმად, პირადი ნომრის მინიჭებით, მათ პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა და საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის საშუალებაც მიეცემათ.

მთავრობის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაფართოება და გამარტივება.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს წარადგინა. სამშვიდობო ინიციატივა სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.