ქეთევან ციხელაშვილი - მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე კონსულტაციები გვქონდა პარტნიორებთან, იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, რომლებმაც გამოხატეს მყარი მხარდაჭერა
ქეთევან ციხელაშვილი - მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე კონსულტაციები გვქონდა პარტნიორებთან, იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, რომლებმაც გამოხატეს მყარი მხარდაჭერა

მთავრობის კანცელარიაში სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ახალ კანონპროექტს მესამე სექტორთან ერთად განიხილავენ.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი გუშინ დამტკიცდა და პარლამენტს მომდევნო კვირას გადაეგზავნება.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება, ამის საფუძველს კი მას უკვე გაკეთებული შეფასებები აძლევს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა ახალი კანონპროექტის დეტალებზე კონსულტაციები რუსულ მხარესთან.

„ყველას ძალიან კარგად გახსოვთ პრემიერ-მინისტრის განცხადებები, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, საქართველოს მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტში, როდესაც საუბარი იყო ამ მიმართულებებზე, საქართველოს მთავრობის განზრახვასა და სამუშაო პროცესზე, რაც დაკავშირებული იყო ზუსტად ამ პაკეტის შემუშავებასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ძალიან ბევრისათვის. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა პირველ რიგში ჩვენს პარტნიორებთან, იმ მხარეებთან, ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, რომლებმაც გამოხატეს ძალიან მყარი მხარდაჭერა გუშინვე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ღიადაც დააფიქსირებს მხარდაჭერას ამ ინიციატივების მიმართ, რადგან ნამდვილად, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, კონსტრუქციული ნაბიჯი, ეს არაა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი”,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის ირგვლივ მომდევნო შეხვედრები ბიზნეს წრეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შედგება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა –  უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

 

დატოვე კომენტარი