აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყით დაფარული 423 432 ჰექტარი ფართობი საქართველოს სახელმწიფო ტყის რუკაზე აისახა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყით დაფარული 423 432 ჰექტარი ფართობი საქართველოს სახელმწიფო ტყის რუკაზე აისახა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სატელიტური მონაცემების ანალიზის და დისტანციური ზონდირების შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყით დაფარული ფართობები (423 432 ჰექტარი) საქართველოს სახელმწიფო ტყის რუკაზე აისახა.

აღნიშნული ცვლილებით, გაუმჯობესდება საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე საერთაშორისო ანგარიშგების სიზუსტე, პირველად განხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ტყეებზე დისტანციური მონიტორინგი და შეიქმნება საქართველოს ერთიანი ტყის მართვის ანალიზის სისტემა.

„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით, დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრებიც, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყით დაფარული ფართობების ასახვა ამ დადგენილებაში ვერ განხორციელდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამ ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოები და სატყეო რუკები ხელმისაწვდომი არ იყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეზე და ტყის რესურსებზე ახორციელებს საერთაშორისო ანგარიშგებას. იმისთვის, რომ ანგარიშგების პროცესი და შეგროვილი მონაცემები იყოს სრულყოფილი და საერთო ჯამში შეიქმნას ტყის მართვის ერთიანი სისტემა, აუცილებლი იყო ხარვეზის გამოსწორება და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ასახვა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებულია, მონაცემების დასადგენად გამოყენებულ იქნა ეროვნული ტყის აღრიცხვის ფარგლებში მომზადებული აფხაზეთის ა/რ-ის ტერიტორიაზე სპექტრული კლასიფიკაციის შედეგად დაზუსტებული ტყის ფართობების ფენა. ამასთან, Sentinel -2 თანამგზავრული გამოსახულებების სპექტრული კლასიფიკაციის შედეგად, შეიქმნა საქართველოს ტყის საფარის რუკა. გამოსახულებები დამუშავდა ზედამხედველობითი სტატისტიკური ალგორითმის, კერძოდ, CART-ის გამოყენებით. გამოსახულება დაიყო 3 კლასად: ფართოფოთლოვანი ტყე, წიწვოვანი ტყე და ტყით დაუფარავი ფართობები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ცვლილება განახორციელა აფხაზეთის ა/რ-ის გარემოს დაცვის სამსახურთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, აფხაზეთის ა/რ-ის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან თანამშრომლობით.