აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრები, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებისთვის ვაჭრობის ხელშესაწყობად საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს საშუალება ექნება, საქონლის მიწოდება განახორციელოს შავი ზღვის გამოყენებით, ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოჩა ენუქიძის ფრაქციამ მოამზადა, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ავტორები განმარტავენ, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით, სპეციალური საწარმოს სტატუსი განისაზღვრა, რომლის გათვალისწინებით, ამ სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, სპეციალური თანხმობით განახორციელოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება, ასევე ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა.
„სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მიმართულებიდან/მიმართულებით და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.
კანონის მიღების ძირითადი მიზეზი გახლდათ სავაჭრო ურთიერთობების ისე წახალისება, რომ შესაძლებელი იყოს, ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა, ასევე, აფხაზეთსა ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზება”, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ინიციატორები საქონლის მიწოდების ერთ-ერთ პროდუქტად თევზს მოიაზრებენ და აღნიშნავენ, რომ თევზსამეურნეო დარგი, რესურსების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ მრეწველობის სხვა დარგებთან ერთად, ინვესტიციებისა და ძირითადი კაპიტალის მიხედვით, მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში და უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და შესაბამისი ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
„გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდება”, – ნათქვამია პროექტში.