თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან ერთი წელი შესრულდა. აფგან მუხთარლის საქმეზე არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ
„სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. დღემდე აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის საქმეში; არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის, მიმართ თბილისში სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა, პირთა იდენტიფიცირების ან გატარებული სხვა ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის უცნობია.
საქართველოში მოქმედი 35 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, რომელიც შეისწავლის მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს.
აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეა, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.
მომხდარის არაეფექტური გამოძიება, ერთის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მხრივ. ხოლო, მეორეს მხრივ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე. როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“.
აფგან მუხთარლის საქმე “Human Rights Watch”-ის 2017 წლის მსოფლიო ანგარიშშიც (გვ. 245) მოხვდა. იმ ნაწილში, სადაც ანგარიში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, აფგანის გაუჩინარების და შემდგომ ბაქოში დაკავების ფაქტია მოყვანილი: „(საქართველოს) ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწრაფი გამოძიება ჩაატარეს და მომხდარში უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა უარყვეს. მოგვიანებით, გაზრდილი საერთაშორისო და შიდა კრიტიკის გამო, მათ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერეს კონტრადაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს” – აღნიშნულია ანგარიშში.
ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა “დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ” არის მოხსენიებული: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ანგარიშში.
აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე, აუცილებელია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ:
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მათ შორის:
რა გარემოებები აფერხებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას;
რატომ ვერ მოხდა მთელი რიგი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება, რომელსაც აფგან მუხთარლის გადაადგილება შეიძლება აესახა თბილისიდან ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე;
რატომ არ აქვთ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით დაიწყო და წარიმართა, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის და გაანალიზებს აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს, ისევე როგორც გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს“, – აცხადებენ ორგანიზაციები თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC); საფარი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მედიის ინსტიტუტი; საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).