აეროპორტში ინციდენტისას ინტოქსიკაცია მხოლოდ თანამშრომლებმა მიიღეს და მგზავრები არ დაშავებულან
აეროპორტის ტერმინალის უფროსი გიორგი გოგლიძე აცხადებს, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტისას საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით მხოლოდ აეროპორტის ოთხი თანამშრომელი გადაიყვანეს და მგზავრები არ დაშავებულან.
„2 ივლისს, დაახლოებით დილის ათ საათზე შეგვატყობინეს, რომ „აეროფლოტის“ ოფისიდან გამოდიოდა უსიამოვნო სუნი, რაზეც გავაკეთეთ რეაგირება, გავუშვით ტექნიკური ჯგუფი, შემდგომ შევატყობინეთ შსს-ს თანამშრომლებს.
რამდენიმე ადამიანი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებებში ინტოქსიკაციის ნიშნებით. აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ აეროპორტის ოთხი თანამშრომელი, მგზავრები არ დაშავებულან. აეროპორტის მუშაობაში ინციდენტის პერიოდში შეფერხება არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი გოგლიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“, – განაცხადეს სუს-ში.