ადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს
სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ გუშინ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა მაია სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერ კიდევ არ გადაუციათ და შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე.
ადვოკატის თქმით, დაკავებული აღიარებს, რომ ჩატაევს იცნობდა, თუმცა 2013 წლიდან მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, მათ შორის არც სატელეფონო.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც მას იცნობდა.
დაკავებულის ადვოკატები საქმის გამომძიებელთან შესახვედრად არიან. გამომძიებელი მათ საქმის მასალებს გადასცემს, რომელსაც დღესვე, გვიან ღამით ბრალდებულს გააცნობენ.
ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.