ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოძიების შეცდომაში შეყვანისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენების ბრალდებას აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წაყენების შემდეგ ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა. ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია.

რაც შეეხება ჩვენების სხვა დეტალებს, ადვოკატის თქმით, ამაზე შუბითიძე დეტალურად სასამართლოში ისაუბრებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული არ საუბრობს მოტივაციაზე.

რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, როგორც საქმის პროკურორმა, მარი მეშველიანმა განაცხადა, შუბითიძის ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინფორმაცია, შემდგომ კი – გამოძიებისათვის მიწოდებული, არ დადასტურდა. ბრალდება დღეს სასამართლოს დაპატიმრების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას ეკუთვნის, ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და, დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდოს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.