ადვოკატის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
მისი თქმით, განჩინება გამოგზავნილია, თუმცა მათ ჯერ არ ჩაბარებიათ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობა.
„ველოდებით ოფიციალურ განჩინებას აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ არ ჩაგვბარებია ხელზე, რომ ამის შემდგომ გავაკეთოთ კომენტარი, თუ რა საფუძვლით იქნა დატოვებული იგივე აღმკვეთი ღონისძიება. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დღეის მდგომარეობით, რაც ბრალდების მხარემ გადმოგვცა, მათ ჩატარებული აქვთ სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მოწმეთა გამოკითხვები და მრავალი სხვა საგამოძიებო მოქმედება. ასევე, ჩატარებულია საპროცესო მოქმედებები, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დანიშვნაში. ჩატარებულია ფოტო-ვიდეო, ტექნიკური და სხვა მრავალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნებსაც ჩვენ ველოდებით. ბრალდების მხარე გადმოგვცემს აღნიშნულ მტკიცებულებებს წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა. შემდგომ ამისა გვეცოდინება უფრო მეტი ინფორმაცია, რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს და რა მტკიცებულებების წარდგენას აპირებს ის სასამართლოში გამოსაკვლევად“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სპეციალურმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც ლაზარე გრიგორიადისისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ თმების შეჭრის ფაქტს უკავშირდება.
„ლაზარე გრიგორიადისის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 დ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ველოდებით გამოძიებას. გამოძიების პრეროგატივაა, დაადგინოს, ჰქონდა ადგილი თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარეს მიმართ კანონდარღვევას“, – განაცხადა მანიჟაშვილმა.