ადვოკატის ინფორმაციით, ორშაბათს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავს
ადვოკატის ინფორმაციით, ორშაბათს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. საუბარია საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებზე, ხოლო, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი პროცესი თვის ბოლოს იგეგმება.

ადვოკატის თქმით, ორშაბათის პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავენ.

„პროცედურულად ერთადერთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავენ. მოლოდინს რაც შეეხება, ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოს გაცდა და აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, არასრულწლოვნების ნაწილში მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივად, შეაფასებს და მათთვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, გაათავისუფლებენ. ალბათ, სტრატეგიას აირჩევს ბრალდების მხარე, რომ არასრულწლოვნებს გაუშვებს და შემდეგ უკვე, გარედან მოუწევთ სასამართლო პროცესებზე მოსვლა.

რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო ამ მოთხოვნას, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ არ ვეთანხმებოდით საქმის გახანგრძლივებას, მაგრამ სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და პროცესი ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.