ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდების მიმართ ბასრი იარაღი ყოფილმა თანასკოლელმა გამოიყენა
ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდების მიმართ ბასრი იარაღი ყოფილმა თანასკოლელმა გამოიყენა

ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდების მიმართ ბასრი იარაღი ყოფილმა თანასკოლელმა გამოიყენა.

ადვოკატი ერთ-ერთი მოზარდის დაკითხვის პროცესს ესწრებოდა, რომელიც გუშინ შემთხვევის დროს იმყოფებოდა და მცირე დაზიანება მიიღო. სწორედ ამ დაზიანების გამო, მოზარდი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

“ჩემა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა ინფორმაცია მომხდარზე, კონკრეტულ სახელს არ ვიტყვი, თუ ვინ გამოიყენა ცივი იარაღი. გიდასტურებთ, რომ მათი ნაცნობი იყო, ყოფილი თანასკოლელი. რაც შეეხება კონფლიქტის წარმოშობას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ასევე კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ადრე სწავლობდნენ ამ სკოლაში, მათი დაპატიჟება არ მოეწონა სხვა მათ კლასელებს, თქვა, რომ ეს უნდა შეთანხმებულიყო მთლიან კლასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და კიდევ რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, შეხვდნენ ერთმანეთს მდგომარეობის გარკვევის მიზნით, დაიძაბა ურთიერთობა, ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი ზოგს არ სურდა ერთი-ორი პიროვნების ხილვა და აქედან წამოვიდა კონფლიქტი, გამომდინარე ამ დაძაბული საუბრიდან, ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გუშინ საღამოს წითელ ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.