ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხებიან. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა სუს-ისადმი უნდობლობიდან გამომდინარეობს.
„გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დაბარებული არიან დაკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან 11:00 საათზე და 13:00 საათზე, შესაბამისად ისინი გამოცხადდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და გავცემთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. პოზიცია, სასამართლოში მომხდარიყო მათი დაკითხვა გამომდინარეობს იქიდან, რომ პრინციპში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აქამდეც არაერთხელ ყოფილა ნიკა გვარამიას დაკითხვის მცდელობა და ყოველთვის ჩვენი პოზიცია იყო, რომ სასამართლოში მომხდარიყო დაკითხვა, ეს გამომდინარეობს უნდობლობიდან რასაც, რა თქმა უნდა, ობიექტური საფუძვლები გააჩნია. დაკითხვის პროცედურასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ისედაც ზოგადად საქმესთან დაკავშირებით გამიჭირდება რაიმე კონკრეტულ მოლოდინზე საუბარი, რადგან ჩემთვის უცნობია საქმის მასალები“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.