ადვოკატის განცხადებით, „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს
„თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს ბრალი ყაჩაღობის მუხლით წარუდგინეს, იარაღი კი, რომლითაც ბანკში შეიჭრა, ექსპერტიზის დასკვნით, სათამაშო აღმოჩნდა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ.
როგორც გუგა გოცირიძის ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „თიბისი“ ბანკში შეჭრას და ფულის მოთხოვნას აღიარებს.
მისი თქმით, გოცირიძემ ბანკი 15 წამში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დატოვა.
„გოცირიძე შენიღბული არ ყოფილა, კეპი ეხურა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და არაადეკვატურობა არასდროს შემინიშნავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, 3 იანვარს „თიბისი ბანკში“ შეჭრას თავად დაკავებულიც ვერ ხსნის და ამას მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს.
ბანკში შეჭრამდე, ადვოკატის ინფორმაციით, ამ პრობლემების გამო გოცირიძემ თვითმკვლელობაც სცადა.
რაც შეეხება დაკავების ადგილს, ადვოკატის თქმით, გოცირიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში, ბახტრიონზე დააკავეს. ბანკიდან მიმალვის შემდეგ ის სახლში წავიდა.