გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი ანი კეკენაძე აცხადებს, რომ სახლის ჩხრეკისას იარაღია ამოღებული. ადვოკატი ირწმუნება, რომ ეს იარაღი ჩადებულია.
„მანამდე საძინებლებიდან იწყებდნენ, დღეს სარდაფში ჩავიდნენ და ისე დაიწყეს ჩხრეკა. პოლიციამ იხელთა დრო, მათ ჩადეს იარაღები. დღეს მოაწყეს მასკარადი – ე.წ. ჩხრეკა და იარაღები ამოიღეს.
ორი საათია, არ მეძლევა საშუალება, მარტო გავესაუბრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. პოლიცია პირდაპირ მივიდა და ამოიღო იარაღი, მთელი არსენალია წარმოდგენილი. ეს არის ჩადებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.