ზვიად კორძაძე - პროკურატურა მიხვდა, რომ პაატა ღაძაძის მონაწილეობა „მარტერლო გრუპთან“ მიმართებაში მხოლოდ ფორმალურია
პროკურატურაც მიხვდა, რომ პაატა ღაძაძის მონაწილეობა „მარტერლო გრუპთან“ მიმართებაში მხოლოდ ფორმალურია, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პროკურატურა დღეს ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, რომ პაატა ღაძაძე ხელს აწერდა კონკრეტული ანგარიშის გახსნას. დღეს დადასტურდა, რომ ამ ყველაფერს გავლილი აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“, – განაცხადა კორძაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისი ბანკის საქმეზე, ბრალდების მხარის რვა მოწმე დაიკითხა. როგორც კორძაძე აცხადებს, მათგან ოთხს არავითარი შეხება არ ჰქონია საქმესთან.
„ორმა მოწმემ კი, რომელთაც საქმესთან ასე თუ ისე შეხება ჰქონდათ, პაატა ღაძაძემ და გიორგი ასლანიკაშვილმა, დაადასტურეს, რომ არავითარი განსხვავებული პირობები კომპანიებთან მიმართებაში არ ყოფილა და სესხის ე.წ. ჩამოწერები, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, პორტფელური ჩამოწერის სახით მოხდა ომის შემდეგი კრიზის გამო. ძალიან კარგია, რომ პროკურატურაც გაერკვა, რადგან ყველა მოწმე მოდის და ამბობს, რომ საბანკო სექტორში ომის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა. პაატა ღაძაძემ 36 000 დოლარი ანგარიშზე სესხის დასაფარად შეიტანა, ამასაც გავლილი აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ამან პირიქით, გააცოცხლა „თიბისი ბანკის“ სესხის მოთხოვნა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ისეთი ტემპით მივდივართ, მე მგონი, მომდევნო სხდომაზე დაკითხვებს მოვრჩებით. ბოლო ოთხი თუ ექვსი კაცი დარჩა და პროკურატურას არავითარი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არ აქვს. არც დღევანდელმა, არც გუშინდელმა და ვერც ხვალინდელი მოწმეები პროკურატურის სასარგებლო ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, არა იმის გამო, რომ, მე არ მინდა, არამედ ასეთი ინფორმაცია არ არის. ეს ხალხი გამოძიების პროცესში გამოკითხულია და განსხვავებულს აქ ვერაფერს იტყვიან. მოდიან და იმას ადასტურებენ, რაც გამოძიებაში თქვეს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ
შემდეგი სხდომა 10 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეზე პაატა ღაძაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა.