ადვოკატი - თუ ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა არ შეჩერდება, პასუხისმგებლობას კახა კალაძეს დავაკისრებთ
ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მერიაში ერთი კვირით გადაიდო. დღეს მერიაში მხარეების არგუმენტები მოისმინეს.
ატენის ქუჩის მცხოვრებელბი გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის შეჩერებას და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, თუ ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ მშენებლობა არ შეჩერდება, მთელს პასუხისმგებლობას დააკისრებენ თბილისის მერიის დღევანდელ ხელმძღვანელობას, უშუალოდ კახა კალაძეს.
“საკმაოდ მძიმე განხილვა იყო, საკმაოდ დიდი პოლემიკა იყო არქიტექტურის სამსახურთან და ამხანაგობა “ატენის” წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად არქიტექტურის სამსახურს არ აქვს არანაირი არგუმენტი, თავს იმართლებს აბსოლუტურად უსუსურად. ჩვენი მხრიდან იყო მწვავედ დასმული ყველა საკითხი. აქ საკითხი დგას სიცოცხლეზე. დავსვი შეკითხვა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მცხოვრებლების სიცოცხლეზე, თუ მშენებლობა გაგრძელდა. ამაზე პასუხი ვერ მივიღე. მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ თუ ეს მშენებლობა არ შეჩერდა, ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ თბილისის მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობას, უშუალოდ მერს, კახა კალაძეს, რომელსაც აქვს სამართლებრივი ბერკეტი შეაჩეროს დაუყოვნებლივ ეს მშენებლობა, სანამ საკითხი საბოლოოდ დამთავრდება. ჩვენი მოთხოვნა არის, შეჩერდეს მშენებლობა, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საფრთხე ექმნება მთლიანად მოსახლეობას. არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და არის საშიშროება იმისა, რომ ვინმე დაზარალდეს. მივმართავ კახა კალაძეს, დაუყოვნებლივ მოხდეს მასთან შეხვედრა. ჩვენ უკვე მერიის ადმინისტრაციას ვესაუბრეთ და ყოველ წუთს ველოდებით მათგან პასუხს მერთან შეხვედრის თაობაზე. თუ მერი დღეს ჩვენ არ შეგვხვდება, მივიღებთ ამას იმად, რომ ის არ აპირებს მშენებლობის შეჩერებას. დარწმუნებული ვარ, ის მოუხმობს კეთილგონიერებას”, – განაცხადა გაბუნიამ.