ადვოკატი - თემურ გორგაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად
ადვოკატი - თემურ გორგაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად

თავს დამნაშავედ არ ცნობს, არის მართალი და ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად, – ეს განცხადება თემურ გორგაძის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ადვოკატის თქმით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ბრალს ხვალ წაუყენებენ.

ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალებს ხვალვე გადასცემენ.

გიორგი ქუმსიაშვილს თემურ გორგაძის დაკავების დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განცხადებით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

„2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.