ბექა დავითულიანი დეპუტატ თემურ გორგაძის დაკავებაზე - ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედება
ბექა დავითულიანი დეპუტატ თემურ გორგაძის დაკავებაზე - ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედება

ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედება და განზრახვა, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გორგაძის დაკავების ფაქტზე განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური ძალის მიკუთვნება არავისთვის არ არის ინდულგენცია.

„ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედება და განზრახვა. არ მინდა უდანაშაულიბის პრეზუმცია დავარღვიო, თუმცა ჩვენ ვიქნებით შეუწყნარებლები ყველა მსგავსი ქმედების მიმართ, ჩვენი თანაგუნდელებისა და სხვისი მხრიდანაც. პოლიტიკური ძალის მიკუთვნება არ არის ინდულგენცია არავისთვის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

„2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.