ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე - სასიკვდილო გასროლა მაშინ მოხდა, როდესაც მერაბ კობიაშვილს სამი კაცი გამეტებით სცემს, დაზარალებული მხარის ადვოკატს ეს ვიდეოჩანაწერი არ წარმოუდგენია
გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველის განცხადებას ეხმაურება. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაზარებული ოჯახის ადვოკატი მთავარ ვიდეოჩანაწერს არ ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„დაზარალებულის წარმომადგენელი შეგნებულად აიგნორებს მთავარი ვიდეოკამერის ჩანაწერს, სადაც ასახულია, თუ რა ვითარებაში მოხდა სასიკვდილო გასროლის განხორციელება. ვიდეოში ჩანს, რომ დაჭრილი მერაბ კობიაშვილი არის ძირს დაგდებული, მას სამი ადამიანი ზემოდან აყენებს სხვადასხვა დაზიანებებს და ცდილობს, იარაღის წართმევას. როდესაც დაჭრილი ადამიანი ხარ, როდესაც უმძიმესი დაზიანებები გაქვს, როდესაც სამი-ოთხჯერ გცემა დაახლოებით, ხუთიდან ათამდე ადამიანმა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შენ ხარ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამ ვიდეოკამერის ჩანაწერს აიგნორებს და მერაბ კობიაშვილის გამაფრთხილებელ გასროლას ასაღებს, თითქოს აქ არის ასახული მკვლელობა. ეს არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან, ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, სასიკვდილო გასროლა მერაბ კობიაშვილის მხირიდან სწორედ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის დროს მოხდა.
„მერაბ კობიაშვილი მიდიოდა მეგობართან, სადაც უნდა დარჩენილიყო. სწორედ იმ გზით უნდა წასულიყო, რა გზითაც მიდიოდა და ეს ადამიანები კი ეძებენ მას და როდესაც დაინახავენ მერაბ კობიაშვილს მიდიან მისი მიმართულებით, რათა განახორციელონ თავდასხმა. მერაბ კობიაშვილი ხედავს, რომ არსებობს საფრთხე და ფეხის თითში დაჭრის. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პრევენციული ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი და მაინც გრძელდება მის მართ თავდასხმა. სასიკვდილო გასროლა ნაწარმოებია მაშინ, როდესაც მერაბ კობიაშვილი აგდია ძირს და სამი კაცი მას გამეტებით სცემს. სწორედ ეს არის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. მე ველოდებოდი, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაზარალებული მხარის ადვოკატი აჩვენებდა მთავარ ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს მომაკვდინებელი გასროლის განხორციელება. ისინი შეგნებულად არ აჩვენებენ ამ ვიდეოკამერის ჩანაწერს. აქ ნათლად ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილია დაჭრილი ძირს დაგდებული სამი ადამიანი კი მას ზემოდან სცემს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩანაწერები წარადგინეს. თამაზ გორთამაშვილის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არსებულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ უმიზნებს იარაღს ბრალდებული კობიაშვილი გარდაცვლილს და რამდენჯერმე განზრახ ესვრის.