გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ უმიზნებს იარაღს ბრალდებული კობიაშვილი გარდაცვლილს და რამდენჯერმე განზრახ ესვრის
გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ უმიზნებს იარაღს ბრალდებული კობიაშვილი გარდაცვლილს და რამდენჯერმე განზრახ ესვრის

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი და ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. ოჯახის ადვოკატმა საქმეში არსებული ახალი ვიდეო ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც მომხდარი შემთხვევის დეტალებია ასახული. ადვოკატის განცხადებით, ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებული კობიაშვილი გარდაცვლილს იარაღს უმიზნებს და რამდენჯერმე განზრახ ესვრის. ადვოკატის თქმით, აღნიშნული გამორიცხავს მოგერიებას.

„თაზო გორთამაშვილის ოჯახმა განიცადა უდიდესი ტრაგედია. ეს ტრაგედია არ აკმარეს და გარდაცვლილის ოჯახზე ფორსირებული შეტევა განხორციელდა. დაიწყო კადრების გავრცელება რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ოჯახი დუმდა, რადგან გლოვობდა გარდაცვლილს. თაზო გორთამაშვილის ოჯახი მხარე არ არის, ისინი ეძებენ სიმართლეს და ეს სიმართლე არის კადრებში, რომლითაც დამტკიცდება, მერაბ კობიაშვილმა როგორ განახორციელა განზრახ მკვლელობა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გაჰყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი საცემად. კადრებში ჩანს, რამხელა ფიზიკური განსხვავებაა მათ შორის. ინციდენტის შემდგეგ მერაბ კობიაშვილი განარიდეს ტერიტორიას, თუმცა ის ისევ ბრუნდება იქ, სადაც ახალგზრდები იმყოფებიან. ახალგაზრდები მეორედ ცდილობენ განარიდონ კობიაშვილი ტერიტორიას, რათა კონფლიქტი აღარ მოხდეს. რამდენიმე განრიდების შემდეგ, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მართლაც, ერთვება ჩხუბში გარდაცვლილი და მისი მეგობრები, მაგრამ ეს პროვოცირებულია მერაბ კობიაშვილის მიერ. როდესაც კონფლიქტი სრულდება, მერაბ კობიაშვილი გადის სასტუმროს გავლით. ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არავინ არ მისდევს, არავინ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მერაბ კობიაშვილი იღებს იარაღს, იდებს ჯიბეში და გადაადგილდება იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება დახვდნენ აღნიშნული პირები. მერაბ კობიაშვილი როგორც კი დაინახავს თაზო გორთამაშვილს ესვრის მას. პირველი სროლა ხორციელდება თაზო გორთამაშვილზე. აღნიშნულ სიტუაციაში მერაბ კობიაშვილი კი არ იმყოფება აუცილებელ მოგერიებაში. აუცილებელ მოგერიებაში იმყოფება გორთამაშვილი, რადგან მის წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი“, – განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრის განცხადებით, მისი ოჯახის მიმართ ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

„ჩვენ, ისედაც განადგურებული ოჯახი, იძულებული გავხდით, რომ იმ ცუდი ენერგიის ტალღას შევჯახებოდით, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა. ესეც ცრუ ინფორმაციისგან იყო გამოწვეული. იძულებული გავხდით, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში, რაც ძალიან არ გვინდოდა. სხვ გზა არ დაგვიტოვეს. შესაბამისად, ახლა უკვე, როცა ვართ ბრძოლაში და ვცდილობთ, დავამტკიცოთ სიმართლე, მოგვიწოდებენ, გავჩუმდეთ და ნუ ვლაპარაკობთ ბევრს. დაველოდოთ სასამართლოს. ეს ჩვენ თავიდანვე გვინდოდა და მათ არ ისურვეს, მხოლოდ სასამართლოში საქმის გარჩევა. შესაბამისად, ჩვენ თავის მართლება და სიმართლის დაცვა მოგვიწია. ახლა ნამდვილად აღარ გავჩერდებით, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენ უკვე ოჯახის წევრი დავკარგეთ. სიცოცხლით სავსე ბიჭი. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, რომ დავიცვათ მისი სახელი და ღირსება, რომ ის მოძალადე არ იყო“, – განაცხადა თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრმა, ნინი გულიაშვილმა.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი, დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.