ადვოკატი - სასამართლოზე სააკაშვილი ან გათავისუფლდება, ან დეპუტატების თავდებობით გამოუშვებენ
ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და გავაპროტესტებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმე მთლიანად ფაბრიკაციაა – ამის შესახებ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა განაცხადა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, დაცვის მხარე სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
„სასამართლოს ჩანიშვნის შემდეგ ის ან გათავისუფლდება, ან დეპუტატების თავდებობით გამოუშვებენ, ან გირაოთი, ან დატოვებენ პატიმრობაში.
ჩვენ მედიით გვესმის, რომ პროკურატურა შინაპატიმრობაზე საუბრობს, მაგრამ არც ერთი პროცესუალური დოკუმენტი არ გვინახავს, ამიტომ მათ ვერ ვენდობით.
შესაბამისად, ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და გავაპროტესტებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმე მთლიანად ფაბრიკაციაა.
არანაირი კანონდარღვევა მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი ვალდებულებების, გირაოსა და შინაპატიმრობის გარეშე.
ეს არის როგორც სააკაშვილის, ისე მისი დაცვის მყარი პოზიცია“,- აღნიშნა სააკაშვილის უფლებადამცველმა.
ადვოკატის განმარტებით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რაც მისივე თქმით, ადასტურებს იმას, რომ სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავებისას და ჩხრეკისას კანონი დაარღვიეს.
მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 8 დეკემბერს დააკავეს.