ადვოკატი - საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი ჰყავს
საქართველოს ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, -ასე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. როგორც ჩივიაშვილი ამბობს საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.
“სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა, რაც ნიშნავდა იმას, რომ როგორც მინიმუმ მისი წინასწარი პატიმრობა 2013 წლის 25 სექტემბრიდან იყო დაუსაბუთებელი. მერაბიშვილის დაკავება და პატიმრობა ემსახურებოდა ამ კონვენციით გაუთვალისწინებელ, ანუ უკანონო მიზნებს. სასამართლომ დაადასტურა მერაბიშვილის ბრალდება ციხიდან გაყვანის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე, საერთოდ არ ჩაატარა გამოძიება, ხოლო შემდგომ პერიოდში ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა დანაშაულის არარსებობის ფაქტი”,- აღნიშნა ადვოკატმა.
გიორგი ჩივიაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა.
“წულუკიანის განცხადება, თითქოს ხელისუფლებისთვის საზიანო არაფერი მომხდარა, ეცოტა არ იყოს გასაკვირია. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როცა პირველი გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის, იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლებას არ წაუგია ეს საქმე. შემდგომ, ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა დიდ პალატაში, დღეს დიდმა პალატან გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, სადაც თქვა, რომ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება. გამოდის დღეს ქალბატონი მინისტრი და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც არ მიუღია სტრაბურგს ხელისუფლებისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მერაბიშვილს არ მოუგია სტრასბურგის სასამართლო. მისი განცხადებები, თითქოს, მერაბიშვილის მიმართ დადგენილი, მეთვრამეტე მუხლი არ ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობას და პოლიტიკურ პატიმარს, ეს არის რეალობას მოკლებული. როგორც ვიცი, დღევანდელი გადაწყვეტილება იცის ვანო მერაბიშვილმა. მე ხვალ მოვინახულებ მას და უკვე მის პოზიციასაც გავაცნობ სასამართლოს”,- აღნიშნა ადვოკატმა.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.