ზვიად რატიანის ადვოკატი - შსს-ს ვიდეომასალა არ არის გადაღებული სამხრე კამერებით, ამიტომ მოსამართლეს არ უნდა გაეთვალისწინებინა
პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო, რომელიც შსს-მ სასამართლოზე საქმის მტკიცებულებად წარადგინა, შესაძლოა, უწყვეტი არ იყოს.
მისივე თქმით, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს.
ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეო პოლიციის თანამშრომლებს პირადი მობილური ტელეფონით არის გადაღებული, რისი უფლებად არ ჰქონდათ.
“შსს-ს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, ასევე პოლიციის თანამშრომლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, დასტურდებოდა და ისინი მიუთითებდნენ იმაზე, რომ ზვიად რატიანის შეჩერება მოხდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის რეიდის ფარგლებში. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ რეიდის ფარგლებში ვიდეოგადაღება მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის უნდა მოხდეს სამხრე ვიდეოკამერებით, რომელიც უნდა იყოს უწყვეტ რეჟიმში ჩართული. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო ვიდეოჩანაწერები, რომელიც იყო გადაღებული პირადი მობილური ტელეფონით და არა სამხრე ვიდეოკამარების მეშვეობით. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის მითითებული, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან, პირადი მობილური ტელეფონით ამგვარი ჩანაწერი გააკეთონ და სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ მოსამართლეს არ გაეთვალისწინებინა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი”, – აცხადებს ადვოკატი.
ზვიად რატიანის სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. სხდომაზე შსს-მ რატიანის დაკავების დროს გადაღებული ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.