სოფო ვერძეული – შს მინისტრთან შეხვედრაზე ზვიად რატიანის საქმეზეც ვისაუბრეთ

21:37, 29.12.2017

არასამთავრობო ორგანიზაციები შს მინისტრთან შეხვედრაზე დაინტერესდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხით და ასევე კითხვები დასვეს გენერალური ინსპექციების რეფორმირებაზე.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, საუბარი იყო ასევე პოლიციაში ძალის გადამეტების წინააღმდეგ რეფორმის გატარებაზე და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.

„ამ თემების გარდა, რა თქმა უნდა, შევეხეთ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს და დღევანდელ სასამართლო განხილვას. ჩვენ ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა – 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. 

მსგავსი