ადვოკატი - პროკურატურას რჩება ერთადერთი გზა, ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა მელია და შემდეგ მიმართონ პარლამენტს
ადვოკატი - პროკურატურას რჩება ერთადერთი გზა, ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა მელია და შემდეგ მიმართონ პარლამენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი საგამოძიებო უწყებასთან მივიდა. მან პორკურატურასთან მხოლოდ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გირაოს გადახდასთან დაკავშირებული გაფრთხილების ოქმი და უფლებები პროკურორებმა უშუალოდ ბრალდებულს უნდა გააცნონ, ადვოკატი კი არ არის უფლებამოსილი პირი, ოქმი ჩაიბაროს.

რაც შეეხება გირაოს გადახდაზე უარს, ადვოკატის განმარტებით, ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების დამძიმება არალეგიტიმური გადაწყვეტილება იყო, რომლის აღსრულებასაც ნიკა მელია არ აპირებს.

კერძოდ, ადვოკატი განმარტას, რომ ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღინისძიების სახით უკვე შეფარდებული ჰქონდა გირაო და  გირაოს თანხის გაზრდა არაკანონიერია.

ამასთან, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რას ემსახურება დღეს საგამიძიებო უწყების მხრიდან მელიას საკითხის გააქტიურება, როდესაც გირაოს გადახდის ვადა 24 დეკემბერს ამოიწურა.

„პროკურატურამ რატომ გააქტიურა აღნიშნული საკითხი დღეს, მაშინ, როცა მათივე განცხადებაში 2 თვის წინ იყო გირაოს გადახდის თემატიკა, რა ერთკვიარიან ვადას აძლევენ, რომელი კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ, ჩემთვის გაუგებარია. არაფერი მიკვირს, ნიკა მელიას საქმე პირველივე დღიდან პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. როცა პოლიტიკურად აქტიური თემაა, მაშინ ააქტიურებენ საქმეს არა მხოლოდ მასთან, არამედ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში. პროცედურულად, ნიკა მელიას უნდა განუმარტონ შესაბამისი ოქმით ვალდებულებები, მათ შორის, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ მომხდარა. ნიკა მელია პარლამენტის მოქმედი წევრია, 2 თვის განმავლობაში მისი განცხადების მიუხედავად, აღნიშნულ უფლებამოსილებას არ უწყვეტენ. ერთადერთი გზა, რაც მოქმედი კანონმდებლობით პროკურატურას რჩება, არის, რომ ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა და ამის შემდეგ პარლამენტს მიმართონ. ის პროცედურა, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ ვიხილეთ, ხელახლა გაიარონ, საქართველოს პარლამენტისგან ნებართვა უნდა მიიღონ და ნიკა მელიასთან მიმართებით დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართონ.

განჩინებაში ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ პროკურატურა ვალდებულია, ნიკა მელიას უფლებები განუმარტოს, შეუდგინოს ოქმი. სასამართლოს გადაწყვეტილება უაკნონო იყო საფუძველშივე, ნიკა მელიას გირაო შეფარდებული ჰქონდა და თავის დროზე გადახდილიც აქვს, თუმცა, ის, რაც ნოემბერში მოხდა, აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობა არ გააჩნდა. ნიკამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში, ფარსში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. თუკი გირაო არალეგიტიმურია და გადაწყვეტილება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები, კანონიერი მოთხოვნის უფლებას არ წარმოადგენს. მე ადვოკატი ვარ და ნიკას ნაცვლად ვერანაირ ოქმს ვერ ჩავიბარებ“, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.