ადვოკატი - მერაბ მორჩაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დუმილის უფლებას იყენებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატი, ზაალ თავაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატის თქმით, მორჩაძისთვის ბრალის წაყენება მაქსიმუმ ხვალ 15:00 საათამდე მოხდება.
„რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შსს-დან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მას შემდეგ არ მისაუბრია. გუშინ ასეთი გადაწვეტილება მიიღო, რომ, პირველ ეტაპზე, დუმილის უფლება გამოიყენა. როცა ბრალს წარუდგენენ, მერე უკვე შევხედავთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.
როცა გაეცნო მისი დაკავების განჩინებას, თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მას არავისზე ზემოქმედება არ მოუხდენია, ეს მისი პოზიციაა, ხოლო ჩვენებაზე ამ ეტაპზე დუმილს იყენებს.
პროკურორთან საუბარი მქონდა იმაზე, როდის აპირებენ ბრალის წარდგენას, მაგრამ ჯერ არ იციან, თუმცა ეს მაქსიმუმ ხვალ შუადღის 15:00-მდე უნდა მოხდეს, რადგან ასეთია საპროცესო ვადები“, – განაცხადა ზაალ თავაძემ.
შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავა, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ. კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.