ადვოკატი - მორჩაძისა და კალანდიების ოჯახები ნათესავები არიან, როცა ოჯახს უჭირს, გვერდში უდგანან, ეტყობა, ახლაც მიმართეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატი ზაალ თავაძე აცხადებს, რომ ის არ აღიარებს იმ ბრალდებას, რომელიც მას უნდა წარედგინოს.

ადვოკატი ვარაუდობს, თუ რას უკავშირდება მერაბ მორჩაძის დაკავება. მისის თქმით, მორჩაძე საქმის მოწმის კალანდიას ოჯახის ახლობელია. ​

„მერაბ მორჩაძე წარსადგენ ბრალდებას არ აღიარებს, ის არის წესიერი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ინტერესი მას არ ქონია არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც საქმის შედეგის მიმართ.

სავარაუდოდ, კალანდიაზეა საუბარია, ის შორეულ ნათესავად ეკუთვნის ამ ოჯახს, მორჩაძისა და კალანდიების ოჯახები არიან დიდი ხნის ნათესავები, როცა უჭირს ოჯახს, გვერდში უდგანან, ასეთივე მდგომარეობა იყო ახლაც, გაჭირვებაში როცა იყო ეს ოჯახი, ეტყობა, მიმართეს მას და რაღაც რჩევა კითხეს, ამანაც უთხრა მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე.

მერაბ მორჩაძის განმარტებით, მას არავითარი მითითება არ მიუცია, ჩვენება ასე თქვით ან ისე თქვით, ვიღაცა დამალეთ ან ვიღაცა გაამართლეთ, ეს აბსურდია საერთოდ. ელემენტარული დახმარება სთხოვეს, არიან არასრულწლოვნები ბავშვები და იცოდნენ, რომ ასეთი მეგობარი ყავდათ ოჯახის და მიმართეს, მერაბი ბიძია, იქნებ დაგვეხმარო, დაგვიდექი გვერდშიო.

როგორც ის აცხადებს, დედამისის თხოვნით შეხვდა კალანდიას, წამოიყვანა სასამართლო პროცესიდან, ის ბავშვი იყო შეშინებული, სტრესის ქვეშ, ჩასვა მანქანაში და წამოიყვანა სახლში.

ბოლოს, როდესაც მისცა კალანდიამ ჩვენება, იმ პროცესიდან გამოიყვანა მანქანით და ალბათ, ეს გახდა მიზეზი მისი დაკავების და ამიტომ გონიათ, რომ მან ზემოქმედება იქონია კალანდიაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, იცნობს თუ არა მირზა სუბელიანს, მან აღნიშნა, რომ მერაბ მორჩაძე მას არ იცნობს.

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დღეს დააკავა. მერაბ მორჩაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.