ადვოკატი - ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 000 ლარი გირაო შეიტანოს
ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 000 ლარი გირაო შეიტანოს, – ამის შესახებ ადვოკატმა, კობა ამბარდნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გამოყენება, ჩვენთვის მიუღებელია. არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას, რადგან სახელმწიფო ბრალდებამაც იცის, რომ ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი. არ აქვს ლაურა ღაჭავას იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი შეიტანოს, ეს იგივე პატიმრობის მოთხოვნაა. ჩვენ გავასაჩივრებთ. თუ აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, ვინმეს ვთხოვთ მის მეგობრებს, რომ უძრავი ქონებით მაინც შევიდეთ, რადგან ამ თანხას ვერ გადავიხდით”,- განაცხადა ამბარდნიშვილმა.
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ამასთან, სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით, ლაურა ღაჭავას აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის ორ მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან.