ადვოკატი - „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი აღიარებს ბრალდებას, თუმცა მიწა თავისით არ ჩამოიშლებოდა, ამას სჭირდებოდა გარემოებები
შპს „ხიმიჯ სერვის ორის“ დირექტორი ოთარ ცნობილაძე წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის საქმეზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ოთარ ცნობილაძე იზიარებს პასუხისმგებლობას ბრალდების მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარი არის მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
„მან გამოძიებას ყველა იმ შავი ხვრელთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა და რაც არ იყო გათვალისწინებული სრულად. ამ მომენტისთვის ის იზიარებს თავის პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარი არის მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, თუმცა ეს მიწა თავისით რომ არ ჩამოიშლებოდა, ფაქტია, ამას სჭირდებოდა გარემოებები. აქ ძირითადი მომენტი არის ის, რომ როცა მიმდინარეობს ასეთი საფრთხილო მიწის სამუშაოები, ბუნებრივია, ირგვლივ არც ექსკავატორი და არც სხვა რაიმე ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ოთარ ცნობილაძეს აღკვეთის ღონისძიებად არ უნდა შეფარდებოდა პატიმრობა, რადგან მის მიერ სამხილების განადგურების საფრთხე არ არსებობს.
„იმ წილ პასუხისმგებლობას, სადაც მას მიუძღვის ბრალეულობა, აბსოლუტურად აღიარებს და მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა მიმაჩნია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, ამოვარდნილია სამართლებრივი კალაპოტიდან. ფიზიკურად ის სამხილებს ვერ გაანადგურებდა, რადგან ეს სამხილები გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, მთლიანად ჩვენ მიერ არის წარდგენილი. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მოწმე ჩვენ მივიყვანეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყეთ გამოძიებას. ის ინფორმაცია, რასაც გამოძიება ფლობს, ფაქტობრივად დიდწილად ოთარის დამსახურებაა”, – განაცხადა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი დღეს დააკავა.
საქმე ეხება 31 მარტს შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს.