ადვოკატი - კადრებში, რომელიც შაქარაშვილის საქმის ბრალდებულზე გავრცელდა, ახალი არაფერი იყო, სასამართლოში მასალების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობას წარვადგენთ
კადრებში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულზე გავრცელდა, ახალი არაფერი იყო, სასამართლოში მასალების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობას წარვადგენთ, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული ვიდეომალასა საქმესთან კავშირში არ არის.
„იმ კადრებში, რაც ჩვენ გუშინ ტელეეთერეში ვიხილეთ არაფერი ახალი არ იყო, არაფერი ისეთი არ იყო, რაც გამოძიების ვერსიას ამყარებს და ბრალის დადასტურების კუთხით გამოადგება ბრალდების მხარის. მიმაჩნია, რომ ეს ვიდეომასალა არარელევანტურია საქმესთან, რადგან ამ საქმის გარემოებებზე საუბარი, ფაქტობრივად, ამ ვიდეომასალაში არ არის, ჩვენთის უცნობია, რატომ მოხდა ამ ვიდეომასალის საქმეში ჩადება. გასაგებია, რომ ისინი აწარმოებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მიყურადებას, თუმცა საქმესთან კავშირის არქონის გამო, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავდოთ საქმეში ეს. ჩვენ, რა თქმა უნდა მასალების დაუშვებლობის შესახებ გვექნება შუამდგომლობა სასამართლოში. ვერაფერი ახალი და ბრალის დამადასტურებელი ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ეს მასალები ამ კონკრეტულ საქმესთან შემხებლობაში არ არის“,- განაცხადა ნემსიწვერიძემ.
გუშინ, მედიაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის კადრები გასაჯაროვდა, სადაც ის მომხდარზე საუბრობს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მედიაში გასაჯაროებული კადრები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია.