ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე - შეწყალებულ რამაზ დევაძეს ძალიან ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, მათ შორის ტოჩინოშინი და სხვადასხვა სპორტული ფედერაციები
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ ღამის კლუბ „ლეგასის“ 2014 წლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაასაჯაროვა.
პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელი თარაშ მუკბანიანი ღამის კლუბ „ლეგასში“ შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა და რამაზ დევაძეს განზრახ არ მოუკლავს. ირაკლი გაბრიჭიძის თქმით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე თავიდანვე არასწორად და მიკერძოებულად წარიმართა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დევაძე კეთილსინდისიერად შეიწყალა.
„საზოგადოებისთვის აუცილებელი გახდა დაწვრილებით გვესაუბრა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა. გამოძიება პირველივე ეტაპზე მიკერძოებული და არაობიექტური იყო. ოთხი სხვადასხვა საექსპერტო დაწესებულების დასკვნა იყო, რომელიც ადასტურებდა ფაქტს, რომ რეალურად არა მკვლელობა, არამედ ეს გაუფრთხილებლობით დანაშაული იყო. რამაზ დევაძეს მკვლელობის განზრახვრა არ ჰქონია. დევაძე ჯერ სიტუაციის განმუხტვას, გაშველებას ცდილობდა.
ღამის კლუბ „ლეგასში“ თარაშ მუკბანიანი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. სადაც კონფლიქტი დაიწყო. რამაზ დევაძის თანმხლებ პირს რაღაც შემხებლობა ჰქონდა მის მეგობარ გოგონასთან და კონფლიქტი მათ შირის დაიწყო. მუკბანიანს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა არასამსახურებრივ პერიოდში. მუკბანიანმა ერთ-ერთ პირს იარაღი შუბლზე დაადო. ასევე ამ იარაღით გასროლა დაიწყო. რამაზ დევაძე მოგვიანებით ერთვება და სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. სროლა რამაზ დევაძის მიმართულებითაც ხორციელდება. დევაძე, როგორც სპორტსმენი საჭიდაო ილეთით მუკბანიანს ძირს აგდებს. იარაღს ართმევს. იარაღის განმუხტვის დროს შემთხვევითი გასროლა ხდება და ძირს დავარდნილი თარაშ მუკბანიანი დგება ფეხზე და სრულიად შემთხვევით ეს ტყვია მას ხვდება. ეს ვიდეომასალით დადასტურებული ფაქტი იყო. ოთხი სხვადასხვა ექსპერტიზა და საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. მათშორის ვიდეო ფინოსკოპიური კვლევა ჩატარდა, რომელიც სამხარაულის ექსპერტებმა ჩაატარეს და ამ ექსპერტიზით დადასტურდა გასროლის ტრაექტორია და გასროლის მომენტი. რაც იმ დროისთვის გამოძიებამ ვერ დაადგინა. დადასტურდა, რომ გასროლა ზევიდან ქვემოთ მოხდა.
პრეზიდენტმა რამაზ დევაძის შეწყალებით საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა. შეწყალება კეთილსინდისიერად განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულის პოზიცია იყო გათვალისწინებული. რამაზ დევაძეს ძალიან ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, მათ შორის ტოჩინოშინი და სხვადასხვა სპორტული ფედერაციები“, – განაცხადა რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ.