ადვოკატი - გიორგი შაქარაშვილის საქმის პილიტიზება ხელს უშლის სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას
ადვოკატი - გიორგი შაქარაშვილის საქმის პილიტიზება ხელს უშლის სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმის პილიტიზება ხელს უშლის სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას.

ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, საქმის გამოძიება სუსტად მიმდინარეობს, თუმცა საქმის გარშემო შექმნილი აჟიოტაში კიდევ უფრო ხელს უშლის მის ზუსტ გამოძიებას.

„ახალი და განსაკუთრებული ჯერ არაფერი ჩანს საქმეში. ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ, მინიმუმ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რათა კვალი დაეფარათ. საქმის ზედმეტად პოლიტიზება მიმაჩნია, დიდ პრობლემებს შეუქმნის სიმართლის დადგენას. ვთვლი, რომ საშინელი არაპროფესიონალიზმი ხდება და რაც უფრო ღრმად პოლიტიკისკენ გაექაჩებიან, მით უფრო დიდი პრობლემები იქნება ამ საქმეში. ამ ეტაპზე უადგილოდ მიმაჩნია განცხადებები, რომ ვინმე მფარველობს საქმეს, ცალსახად გამოძიების სისუსტეს ვხედავ. ვთვლი, რომ რამდენიმე საკვანძო პრობლემა არის ამ საქმეში“, – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.