ადვოკატი - მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის უარი თანხის გადაუხდელობას უკავშირდება
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პაციენტის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის უარი თანხის გადაუხდელობას უკავშირდება.
როგორც პირველ არხს ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, ოთხი დღის წინ კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ადვოკატის თქმით, სახელმწიფომ გერმანიის კლინიკას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გადაურიცხა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დააფინანსებდა მკურნალობის ყველა ხარჯს. ამის შემდეგ, ოთხი დღის წინ, გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან მოვიდა პასუხი – თანხმობა, მაგრამ სახელმწიფომ არ გადაიხადა ის თანხა, რასაც კლინიკა ითხოვდა. გერმანიის კლინიკიდან თანხმობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოვიპოვეთ.
მაჩალიკაშვილისთვის თითოეული წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ მას ვერაფერს უკეთებენ“,- განაცხადა ადვოკატმა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია, პაციენტის მიღებაზე უართან დაკავშირებით, საზღვარგარეთის კლინიკებისგან არ მიუღიათ.
ექიმის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება.