ადვოკატი - გამომძიებლებმა დაკითხვისას კატეგორიულად განაცხადეს, რომ ლევან ქარდავას მათთან რაიმე ფორმით შემხებლობა არ ჰქონია და არც დავალება მიუცია
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას ადვოკატის განცხადებით, მოწმის სახით დაკითხვისას ქარდავამ კატეგორიულად უარყო კონკრეტული შემხებლობა პირთან, რომელმაც თითქოს ქარდავა დანაშაულში ამხილა.
საუბარია მოწმე ბადურ ბოტკოველზე.
„ასევე, მან კატეგორიულად უარყო რაიმე ფორმით შემხებლობა კონკრეტულ მოწმეებთან, რომლებმაც სასამართლოზე ქარდავას მიმართ ცრუ ჩვენება მისცეს. სისხლის სამართლის საქმეში არის დოკუმენტი ძველი გამოძიების ფარგლებში ჯემალ შამათავას იძულებით წარდგენის შესახებ, რომლის წარდგენაც დაევალა ლევან ქარდავას. ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის შესრულებაზე იყო ვალდებული, მან იძულების წესით ჯემალ შამათავა წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ორ გამომძიებელს, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ, გია გოროზიას თქმით, მათ კატეგორიულად განაცხადეს, რომ ლევან ქარდავას რაიმე ფორმით მათთან შემხებლობა არ ჰქონია და არც დავალება მიუცია.
საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ცნობით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
გამოძიების ინფორმაციითვე, ჯემალ შამათავამ ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას და სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაიგეგმა უკანონო ქმედებები, რომლის განხორციელებაშიც გამოძიების მტკიცებით, აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლევან ქარდავა, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი.
შეგახსენებთ, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.