ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდებულებმა აღიარებითი ჩვენება გამოძიების ეტაპზე მისცეს, დღევანდელ პროცესზე კი კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, ორივე ბრალდებულმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა დაადასტურეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. შესაბამისად, ითანამშრომლეს გამოძიებასთან“,-  აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულ ლევან ქარდავას, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ლევან ქარდავა დღევანდელ პროცესს არ ესწრება.

დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.