ადვოკატი - ე.წ. ომეგას საქმეზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან ოთარ ფარცხალაძეს კავშირი არ ჰქონია
ე.წ. ომეგას საქმეზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან ოთარ ფარცხალაძეს კავშირი არ ჰქონია, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილსა და ლევან ყიფიანს იცნობს, ბრალის წარსადგენად საკმარისი ვერ იქნება.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწეთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ე.წ. ომეგას საქმეს, არანაირი შემხებლობა ბატონ ოთარს არ ჰქონია. ის ფაქტი, რომ ოქუაშვილსა და ყიფიანს იცნობს, არ გამოდგება იმისთვის, რომ პიროვნებებს რაიმე თითიდან გამოწოვილი ბრალი წარვუდგინოთ, როგორც ეს მოხდა თუნდაც „ელ-ცენტროს” შემთხვევაში. ის, რომ ჩვენ რაიმე შემხებლობა გვქონოდა, ეს გამორიცხა თავად ძირითადმა მოწმემ ლევან ყიფიანმა. რაც შეეხება ცემის ბრალდებას, ეს არის ერთ-ერთი კიდევ დაუსაბუთებელი ბრალი, რომელიც სამწუხაროდ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ამასთან, ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი თბილისში უცხოელი პროკურორების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. საუბარია იმ პროკურორებზე, რომელთაც გავრცელებული ცნობით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული საქმეები უნდა გამოიძიონ. ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ე.წ. ელ-ცენტროს საქმეზე, ცემის მუხლით ქართველმა პროკურორებმა წარუდგინეს.
„ბრალი წაუყენეს ქართველმა პროკურორებმა. ვერ გეტყვით ვინ არის ჩამოსული, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი პროკურორი იქნება თუ უცხოელი, მათთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს პროცესუალური ნორმები და არა სხვა არასაპროცესო შეფასებები“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძისა და რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსნის შესახებ არა ერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.
მოგვიანებით, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ოქუაშვილის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან.