ადვოკატი - დღეს დადასტურდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დავით სარალიძე არ მოუკლავს
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა. ანუ ის გამართლდა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მას არ ჩაუდენია წინასწარი შეცნებით განზრახ მკვლელობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. განაჩენით დადასტურდა ფაქტობრივად ის, რაზეც დაცვის მხარე მთელი პროცესების მანძილზე ამტკიცებდა. რეალური დამნაშავეები დაუსჯელები არიან. არ არიან გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემულნი. დღეს დადასტურდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, არ მოუკლავს ის”,-განაცხადა მან.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა – მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. დაზარალებული მხარეები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირიც დააკავეს.