ადვოკატი - დავით დადუნაშვილს თავად ჰქონდა გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილი  
ადვოკატი - დავით დადუნაშვილს თავად ჰქონდა გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილი  

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება: მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და დანაშაულის შეუტობინებლობის ნაწილში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამის, დავით დადუნაშვილის შეხვედრის შემდეგ, დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი შსს-ში არავის დაუბარებია და დავით დადუნაშვილს თავად ჰქონდა სურვილი მინისტრთან შეხვდრის.

„ჩვენ არავის დავუბარებივართ, დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის და მიეღო პასუხები იმაზე, რაც თვითონაც გაუჩნდა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთი, მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე, შეუტობინებლობის ნაწილში. როგორც გვითხრეს, ამ საქმეთა გამოძიება გაერთიანდება და დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები. უახლოეს პერიოდში გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას დღეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ოჯახის ადვოკატი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებოდნენ.