ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის პროკურორს და გამომძიებელს ხვდება
ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის პროკურორს და გამომძიებელს ხვდება

ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის პროკურორს და გამომძიებელს ხვდება.

როგორც შეხვედრამდე გიგუაშვილმა განაცხადა, კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის დაყენებასაც შეხვედრაზე გეგმავს, ადვოკატის განცხადებით, კონფიდენციალურია, თუმცა იურისტი საქმისადმი საგამოძიებო ორგანოების უფრო მეტად დაინტერესებას მოითხოვს.

„ჩემი შეხვედრა იქნება სამუშაო საქმის. ვხვდები გამომძიებელსა და პროკურორს, რათა დავგეგმოთ გენერალურ პროკურორთან ჩვენი შეხვედრის საკითხები. გავიაროთ ის საგამოძიებო საკითხები, რომლის განხორციელებასაც გამოძიება უახლოეს პერიოდში აპირებს, ასევე გვექნება რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი კონფიდენციალური ხასიათისაა, თუმცა ერთი რამ, რაც შეინიშნებოდა 25 წლის განმავლობაში – ინერტული, თუ უბრალოდ ვიღაცას ნაკლებად აინტერესებდა საქმე, უნდა დამთავრდეს. ყოველი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს იმ ხარისხით, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი. სწორედ ამაზე გვქონდა პრეტენზიები, მათ შორის ამ კონკრეტული გამომძიებლებისა და პროკურორების მიმართაც. ჭეშმარიტების დადგენაც და პირველი პრეზიდენტის მკვლელების გამოვლენაც დამოკიდებულია პროკურატურაზე“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი ინტერესების დამცველს შესთავაზა, მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.